ხელის ჰიგიენა – ხშირად დასმული კითხვები

ძირითადი მომენტები

ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტურ მეთოდად. ხელის ჰიგიენა მოიცავს საპნითა და წყლით დაბანას ან სპირტზე დამზადებული ხელის საწმენდი საშუალებების (სპირტხსნარების) გამოყენებას.

ხელის ჰიგიენა აუცილებელია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესამცირებლად და ზოგადად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ნამდვილად მჭირდება ხელების მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაბანა?

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ მავნე მიკრობებისა და ქიმიკატების მოსაშორებლად ხელები 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოთ. თუ უფრო მოკლე დროში დაასრულებთ, მიკრობები და ქიმიკატები კარგად არ მოსცილდება. დარწმუნდით, რომ გაიხეხეთ ხელების ყველა ნაწილი, მათ შორის ხელისგულები, ხელის ზურგი, მიდამო თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ.

როგორ აშორებს საპნითა და წყლით ხელების დაბანა მიკრობებსა და ქიმიკატებს?

საპონი და წყალი ერთად ქაფის წარმოქმნას იწვევს, რომელიც შებოჭავს და აშორებს ხელებს ჭუჭყს, მიკრობებსა და ქიმიკატებს. საპნის წასმამდე ხელების სუფთა წყლით დასველება უკეთესი ქაფის მიღებაში დაგეხმარებათ, ვიდრე საპნის მშრალ ხელებზე წასმა. კარგი ქაფი ქმნის ჯიბეებს, რომლებსაც მიცელები ეწოდება.   როდესაც ხელებს იბანთ, მიკრობებსა და ქიმიკატებს კანალიზაციაში რეცხავთ.

ხელების დაბანის შემდეგ ონკანის დასაკეტად ქაღალდის ხელსახოცი უნდა გამოვიყენო?

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, რომ ხელების დასველების შემდეგ ონკანი დავკეტოთ წყლის ხარჯვის შესამცირებლად. დაბანის შემდეგ კი, ისევ გავხსნათ, რათა საპონი ჩამოვიბანოთ. თუ ხელებზე მიკრობების მოხვედრის შიში გაქვთ, შეგიძლიათ ონკანი ქაღალდის ხელსახოცით ან იდაყვით დაკეტოთ.

როგორ შემიძლია ხელის დაბანის წახალისება ჩემს თანამშრომლებში?

მუდმივად შეახსენეთ თანამშრომლებს, რომ ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით. ამავდროულად, უნდა უზრუნველყოთ ნიჟარების, საპონის, წყლის და ხელების გასაშრობი საშუალების (მაგ., ქაღალდის ხელსახოცები, ხელის საშრობი) ხელმისაწვდომობა. განათავსეთ ვიზუალური შეხსენებები, როგორიცაა აბრები ან პლაკატები სააბაზანოებში ან სამზარეულოში, რათა შეახსენოთ თანამშრომლებს ხელების დაბანის აუცილებლობა. უზრუნველყავით სხვა ჰიგიენური საშუალებები, როგორიცაა ხელსახოცები, სატერფულიანი ნაგვის ურნები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები მინიმუმ 60%-იანი სპირტის შემცველობით, რათა შეინარჩუნოთ თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა.

როგორ გავიწმინდოთ ხელები სპირტხსნარით?

ხელებზე წაისვით პროდუქტი და შეიზილეთ ისე, რომ დაიფაროს ყველა ზედაპირი. ამას მინიმუმ 20 წამი უნდა დასჭირდეს. სამედიცინო პერსონალი სპირტხსნარის გამოყენებისას აუცილებლად უნდა იცავდეს სპეციალურ ტექნიკას, რომლის დროსაც ხელებზე ხშირად გამოტოვებული ადგილებიც სუფთავდება.

როგორ დავიბანოთ ხელები საპნით და წყლით?

დაისველეთ ხელები თბილი წყლით. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ თხევადი საპონი. ხელები გაუსვით ერთმანეთს, სანამ საპონი ქაფს არ წარმოქმნის და შემდეგ შეიზილეთ ხელების ზურგზე, თითებს შორის, ფრჩხილების გარშემო და ქვეშ. ეს პროცესი განაგრძეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში (ჯანდაცვის პერსონალისთვის 40 წამი). გჭირდებათ წამზომი? წარმოიდგინეთ, რომ ორჯერ მღერით სიმღერას "გილოცავ დაბადების დღეს". ხელები კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლის ქვეშ. თუ ეს შესაძლებელია, ხელები გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ კი, ქაღალდის ხელსახოცით დაკეტეთ ონკანი და საჭიროების შემთხვევაში გააღეთ კარი.

ხელთათმანების ტარება საკმარისი არ არის სამედიცინო პერსონალისთვის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. სთხოვეთ თქვენს მომვლელ სამედიცინო პერსონალს ხელების დაბანა. ისაუბრეთ და დასვით კითხვები ხელის ჰიგიენის შესახებ.  დაიბანეთ ხელები და თქვენს გარშემომყოფებსაც იგივე სთხოვეთ.

სამედიცინო პერსონალი საპნით და წყლით ხელების დაბანისას აუცილებლად უნდა იცავდეს სპეციალურ ტექნიკას, რომლის დროსაც ხელებზე ხშირად გამოტოვებული ადგილებიც სუფთავდება

სპირტხსნარი თუ საპონი და წყალი?

სპირტზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება ხელების გასაწმენდად საუკეთესო მეთოდია მაშინ, როდესაც ხელები არ არის დაბინძურებული, რადგან ის:

  • ხელებზე პოტენციურად სასიკვდილო მიკრობების განადგურებაში უფრო ეფექტურია, ვიდრე საპონი.
  • უფრო ადვილია მისი გამოყენება მოვლის პროცესში, განსაკუთრებით, ერთსა და იმავე პაციენტთან ჭუჭყიანი ადგილიდან სუფთაზე გადასვლისას; პაციენტებს შორის ან საერთო სივრცეებში გადაადგილებისას; იწვევს ნაკლებ გაღიზიანებას და სიმშრალეს, ვიდრე საპონი და წყალი.

ხელების დაბანა საპნით და წყლით აუცილებელია ხელების ხილული ან არახილული დაბიძურებისას ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მექანიკურად მოცილებისთვის. ეს მეთოდი ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი, იაფი და ეფექტური გზაა. თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ სპირტზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს მინიმუმ 60%-იან სპირტს და რაც შეიძლება მალე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. ხელის სპირტხსნარებმა შეიძლება არ მოაშორონ ხელებიდან მავნე ქიმიკატები, როგორიცაა პესტიციდები და მძიმე მეტალები.

ხელების დაბანის შემდეგ აბაზანის კარის სახელურთან შეხება ხელებს ხელახლა დამიბინძურებს?

მეცნიერებმა არ იციან, აბაზანის კარის სახელურთან შეხებისას ხელებზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მიკრობები მოხვდება თუ არა. კონკრეტულად ეს პროცესი არ არის შესწავლილი. თუ გაშფოთებთ, რომ დაბანის შემდეგ ხელებზე მიკრობები შეიძლება მოხვდეს, კარის გასაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცი, იდაყვი, პერანგი ან სხვა საშუალება.

ხელები ქაღალდის ხელსახოცით უნდა გავიმშრალო თუ ჰაერით საშრობით?

ამჟამად არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება, ხელების გასაშრობად უფრო ეფექტური ქაღალდის ხელსახოცია, თუ ჰაერის საშრობი. მიკრობები უფრო ადვილად ვრცელდება, როდესაც ხელები სველია, ამიტომ დარწმუნდით, რომ ხელები ბოლომდე გაიმშრალეთ, რა მეთოდიც არ უნდა გამოიყენოთ.

ანტიბაქტერიული საპონი ჩვეულებრივ საპონზე უკეთესია?

ხელების დასაბანად გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი და წყალი. კვლევებმა საზოგადოებაში ანტიბაქტერიული საპნის გამოყენების რაიმე დამატებითი სარგებელი ჯანმრთელობისთვის ვერ აღმოაჩინა. 2016 წელს FDA-მ აკრძალა გარკვეული ინგრედიენტების შემცველი ანტიბაქტერიული საპნების ურეცეპტოდ გაყიდვა, რადგან ეს საპნები არაფრით ჯობია ჩვეულებრივ საპონს ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად, ამავდროულად,  მათი ინგრედიენტები შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ხანგრძლივი  ყოველდღიური გამოყენებისთვის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბაქტერიული საპნის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას.

მყარი საპონი უკეთესია თუ თხევადი?

მიკრობების მოსაშორებლად ორივე ტიპის საპონი კარგად მოქმედებს. ხელების დასაბანად გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი მყარი ან თხევადი სახით. ჯანდაცვის პერსონალმა ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოს მხოლოდ თხევადი საპონი.

რა მოხდება, თუ წყალი მაქვს, მაგრამ ხელების დასაბანად საპონი არ მაქვს?

თუ საპონი და წყალი არ გაქვთ, გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება მინიმუმ 60%-იანი სპირტის შემცველობით. თუ ხელის სადეზინფექციო საშუალება ან საპონი არ გაქვთ, მაგრამ წყალი გაქვთ, ხელები ერთმანეთზე გასმით დაიმუშავეთ და სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ ან ჰაერზე გაიშრეთ. ხელების წყლით გახეხვა ზოგიერთ მიკრობს ხელიდან ჩამორეცხავს, ​​თუმცა ეს საპნით დაბანასთან შედარებით ისეთი ეფექტური არ არის.

ხელების დაბანისას თბილი წყლის გამოყენება ჯობია თუ ცივის?

ხელების დასაბანად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურის წყალი - ცივი ან თბილი. თბილი და ცივი წყალი ხელებიდან ერთსა და იმავე რაოდენობის მიკრობებს აშორებს. წყალი ხელს უწყობს საპნის ქაფის წარმოქმნას, რომელიც ხელების დაბანისას კანიდან მიკრობებს აშორებს. წყალი მიკრობებს არ კლავს. ჯანდაცვის პერსონალისთვის კი, თბილი წყლით ხელის დაბანაა რეკომენდებული, ვინაიდან ცივმა წყალმა შეიძლება კანის დაზიანებას შეუწყოს ხელი, რაც არ არის სასურველი მოვლენა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

რა მოხდება, თუ ხელის დასაბანი წყალი ჭუჭყიანი ან დაბინძურებულია?

ასეთ დროს თქვენს ხელებზე შეიძლება გავრცელდეს მიკრობები. თუ სუფთა, გამდინარე წყალზე წვდომა არ გაქვთ, მიკრობების მოსაშორებლად გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც მინიმუმ 60%-იან სპირტს შეიცავს. წყლის გასუფთავება  შეგიძლიათ ადუღებით ან ან მისი გაფილტვრით. ხელების დასაბანად გამოიყენეთ რაც შეიძლება სუფთა წყალი. მოერიდეთ მღვრიე წყლის გამოყენებას, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს მავნე ქიმიკატებით ან ტოქსინებით, როგორიცაა წყალმცენარეების ყვავილობისას წარმოქმნილი ტოქსინები.

რით განსხვავდება ხელის ანტისეპტიკების ეფექტი ხელების დაბანისგან?

სპირტზე დამზადებული ხელის ანტისეპტიკები ხელებზე მიკრობებს კლავს,  ხოლო ხელების საპნითა და წყლით დაბანა ხელს უწყობს მათ მოშორებას. ხელების დაბანა ყველა სახის მიკრობს მოაშორებს, თუმცა ხელის სადეზინფექციო საშუალებებს არ შეუძლიათ ყველა სახის მიკრობის განადგურება ან მავნე ქიმიკატების მოცილება, როგორიცაა პესტიციდები და მძიმე მეტალები.

სველი ხელსახოცებით გაწმენდა აშორებს მიკრობებს?

ხელის სადეზინფექციო ხელსახოცები, რომლებიც მინიმუმ 60%-იან სპირტს შეიცავს, ხელებზე მიკრობებს კლავს. თუმცა, საბავშვო ხელსახოცები არ არის განკუთვნილი მიკრობებზე ზემოქმედებისთვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ გირჩევთ მათ გამოყენებას ხელების გასაწმენდად. ბავშვის ხელსახოცები და მსგავსი პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ მინიმუმ 60%-იან სპირტს, საიმედოდ არ აშორებენ მიკრობებს. ზედაპირებისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხელსახოცები არ გამოიყენოთ კანის გასაწმენდად, რადგან მათ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიონ. ამ პროდუქტების უსაფრთხოდ გამოსაყენებლად ყოველთვის წაიკითხეთ და დაიცავით ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციები.

შეიძლება თუ არა დავამზადო ხელის ანტისეპტიკი?

თუ ხელის სადეზინფექციო საშუალება არასწორად არის დამზადებული, ის შეიძლება არაეფექტური ან მავნე იყოს. არსებობს კანის დამწვრობის შემთხვევები ხელნაკეთი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია მეთანოლით დაბინძურებული ხელის ანტისეპტიკებით. ზოგიერთი ტიპის მიკრობის გასანადგურებლად ეფექტური რომ იყოს, ხელის სადეზინფექციო საშუალებებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 60%-იანი სპირტის შემცველობა და უნდა იყოს გამოყენებული მაშინ, როდესაც ხელები არ არის თვალსაჩინოდ ჭუჭყიანი ან ცხიმიანი. ნუ დაეყრდნობით ხელის ანტისეპტიკების რეცეპტებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ეთერზეთებზე ან შემუშავებულია სწორი მომზადების პრაქტიკის გარეშე. ხელების დაბანა მოაშორებს ყველა სახის მიკრობს თქვენი ხელებიდან, მაგრამ ხელის სადეზინფექციო საშუალებებს არ შეუძლიათ ყველა ტიპის მიკრობის განადგურება ან ისეთი მავნე ქიმიკატების მოშორება, როგორიცაა პესტიციდები და მძიმე მეტალები.

ხელის ჰიგიენის რომელი მეთოდია რეკომენდებული ჯანდაცვის პერსონალისთვის?

მსოფლიოს დაავადებათა კონტროლის ცენტრები რეკომენდაციას უწევენ სპირტზე დამზადებული ხელის ანტისეპტიკების გამოყენებას, როგორც ხელის ჰიგიენის ძირითად მეთოდს  უმეტეს სიტუაციებში სამედიცინო დახმარებისას. ისინი ეფექტურად ამცირებენ ჯანდაცვის პერსონალის ხელებზე არსებული მიკრობების რაოდენობას. ჯანდაცვის პერსონალი ხშირად ხელებს საათში 7-ჯერ და მეტჯერ იბანს. ზოგიერთი მიკრობის საპნითა და წყლით მოცილება რთულია, ხოლო ხეხვამ შეიძლება დააზიანოს კანი. ჯანდაცვის პერსონალმა ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოს საპნითა და წყლით მინიმუმ 40 წამის განმავლობაში მაგალითად მაშინ, როდესაც ხელები თვალსაჩინოდ ჭუჭყიანია, ჭამის წინ, ტუალეტის გამოყენების შემდეგ და ინფექციური დიარეის მქონე ადამიანების მოვლის შემდეგ.

რატომ განსხვავდება ხელის ჰიგიენის რეკომენდაციები ჯანდაცვისა და საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის?

ხელის ჰიგიენის რეკომენდაციები დამოკიდებულია თქვენს ხელებზე არსებული მიკრობების ტიპებზე, აგრეთვე იმაზე, თუ სად იმყოფებით. ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელებულია ისეთი ტიპის მიკრობები, რომლებიც არ გვხვდება საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ამიტომ ხელის ჰიგიენის რეკომენდაციები ბევრად რთული შესასრულებელია.

ხელის ჰიგიენა ეფექტურია ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ?

ხელის ჰიგიენა ხელს უწყობს მიკრობების გავრცელების შეჩერებას, მათ შორის იმ მიკრობებისა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ინფექციები. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ყალიბდება მაშინ, როდესაც მიკრობები ავითარებენ მათ წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს. ეს ნიშნავს, რომ მიკრობები არ ნადგურდებიან და აგრძელებს ზრდას. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკრობებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. ხელების სისუფთავის შენარჩუნება დაბანით ან სპირტზე დამზადებული ხელის ანტისეპტიკის გამოყენებით მიკრობების გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

სპირტზე დამზადებული ხელის ანტისეპტიკები ხელს უწყობს თუ არა ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას?

სპირტზე დამზადებული ხელის ანტისეპტიკები არ უწყობენ ხელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას. ეს საშუალებები კლავენ მიკრობებს, მათ შორის ანტიმიკრობული რეზისტენტობის მქონე მიკრობებს, ცილების და დამცავი გარე მემბრანის დაშლის გზით, რომელიც მიკრობებს გადარჩენისთვის სჭირდებათ.

ხელს უწყობს თუ არა ხელების საპნითა და წყლით დაბანა ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას?

ჩვეულებრივი საპონი (ანტიბაქტერიული ინგრედიენტების გარეშე) არ უწყობს ხელს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას, მაშინ, როცა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბაქტერიული საპნის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროცესს. FDA-მ აკრძალა გარკვეული ინგრედიენტების შემცველი ანტიბაქტერიული საპნების ურეცეპტოდ გაყიდვა, რადგან ეს საპნები არაფრით ჯობია ჩვეულებრივ საპონს ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მათი ინგრედიენტები შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ხანგრძლივი, ყოველდღიური გამოყენებისთვის. ხელების ჩვეულებრივი საპნითა და წყლით დაბანა აშორებს მიკრობებს, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ მიკრობებს. ხელების სისუფთავის შენარჩუნება ხელს უშლის მიკრობების გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექციების განვითარების რისკს.

რესურსები

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი