ხელის ჰიგიენა

ძირითადი მომენტები

ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტურ მეთოდად. ხელის ჰიგიენა მოიცავს საპნითა და წყლით დაბანას ან სპირტზე დამზადებული ხელის საწმენდი საშუალებების (სპირტხსნარების) გამოყენებას.

ხელის ჰიგიენა აუცილებელია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესამცირებლად და ზოგადად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ხელის ჰიგიენის ძირითადი ასპექტები

  • ხელის დაბანა - საპნისა და წყლის გამოყენება აუცილებელია, როდესაც ხელები თვალსაჩინოდ ჭუჭყიანი, დაბინძურებულია ან ტუალეტის გამოყენების შემდეგ.
  • ხელის დეზინფექცია - სპირტზე დამზადებული საწმენდი საშუალებების (სპირტის შემცველობა მინიმუმ 60%) გამოყენება ეფექტურია, როდესაც ხელები თვალსაჩინოდ არ არის დაბინძურებული.
  • ხანგრძლივობა - დაიმუშავეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ ყველა ზედაპირი, მათ შორის ხელების ზურგი, თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ, გაწმენდილია.
  • ხელის ჰიგიენის მომენტები - ძირითადი მომენტებია ჭამამდე ან საკვების მომზადებამდე; ჭრილობის დამუშავებამდე და მის შემდეგ ან ავადმყოფი ადამიანის მოვლის შემდეგ; ცემინების, ხველის ან ცხვირის მოწმენდის შემდეგ და ტუალეტის  შემდეგ.

ხელის ჰიგიენის მნიშვნელობა

ხელის ჰიგიენა სარგებელს მოუტანს მთელ საზოგადოებას

  • რესპირატორული დაავადებების, მაგალითად, გაციების, 21%-ით შემცირებით
  • დიარეით დაავადებული ადამიანების რაოდენობის 31%-ით შემცირებით
  • დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში დიარეით გამოწვეული დაავადებების 58%-ით შემცირებით
  • 29-57%-ით ამცირებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გამოწვეულ გაცდენებს სკოლის მოსწავლეებში.

ჯანდაცვის დაწესებულებებში პაციენტებს ძირითადი დაავადების გამო მკურნალობის დროს დამატებითი ინფექციების განვითარების რისკი აქვთ. ხელის ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ადამიანები ხშირად ეხებიან თვალებს, ცხვირსა და პირს, რაც მიკრობებს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას აძლევს, ამასთან ის ხელს უშლის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკრობების გავრცელებას და იცავს ჯანდაცვის პერსონალსა და პაციენტებს. თავად პაციენტებს და მათ ახლობლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ხელის ჰიგიენის გაუმჯობესების საქმეში, თუ ისინი შეახსენებენ სამედიცინო პერსონალს ხელების დაბანის ან დეზინფექციის შესახებ.

ხელებზე არის სასარგებლო მიკრობები, რომლებიც თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სჭირდება, ასევე, შეიძლება იყოს პათოგენები, რომლებიც გარემოდან ხვდებიან ხელზე და დროებით ან მუდმივად ყოვნდებიან. სპირტხსნარები სწრაფად კლავენ მავნე მიკრობებს ისე, რომ არ იწვევენ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას.

როდის უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პაციენტებმა და ვიზიტორებმა

  • საკვების მომზადებამდე ან მიღებამდე
  • თვალებთან, ცხვირთან ან პირთან შეხებამდე
  • ჭრილობის სახვევების შეცვლამდე და შემდეგ
  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ
  • ცხვირის მოწმენდის, ხველის ან ცემინების შემდეგ
  • სამედიცინო დაწესებულებაში ზედაპირებთან, საწოლის მოაჯირეებთან, ტუმბოებთან, კარის სახელურებთან, პულტებთან ან ტელეფონთან შეხების შემდეგ.

როდის უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა სამედიცინო პერსონალმა

არსებობს 5 მომენტი, როდესაც სამედიცინო პერსონალმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, რათა არ მოხდეს მიკროორგანიზმების ჯვარედინი გადაცემა ერთი ადამიანიდან ან ობიექტიდან მეორეზე. 

  • პაციენტთან შეხებამდე
  • სუფთა/ასეპტიკურ პროცედურამდე
  • ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემდეგ
  • პაციენტთან შეხების შემდეგ
  • პაციენტის გარემოსთან შეხების შემდეგ.

როგორ გავიწმინდოთ ხელები სპირტხსნარით?

ხელებზე წაისვით პროდუქტი და შეიზილეთ. დაფარეთ ყველა ზედაპირი, სანამ ხელები არ გაშრება. ამას მინიმუმ 20 წამი უნდა დასჭირდეს. სამედიცინო პერსონალი სპირტხსნარის გამოყენებისას აუცილებლად უნდა იცავდეს სპეციალურ ტექნიკას, რომლის დროსაც ხელებზე ხშირად გამოტოვებული ადგილებიც სუფთავდება.

როგორ დავიბანოთ ხელები საპნით და წყლით?

დაისველეთ ხელები თბილი წყლით. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ თხევადი საპონი. ხელები გაუსვით ერთმანეთს, სანამ საპონი ქაფს არ წარმოქმნის და შემდეგ შეიზილეთ ხელების ზურგზე, თითებს შორის, ფრჩხილების გარშემო და ქვეშ. ეს პროცესი განაგრძეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში (ჯანდაცვის პერსონალისთვის 40 წამი). გჭირდებათ წამზომი? წარმოიდგინეთ, რომ ორჯერ მღერით სიმღერას "გილოცავ დაბადების დღეს". ხელები კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლის ქვეშ. თუ ეს შესაძლებელია, ხელები გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ კი, ქაღალდის ხელსახოცით დაკეტეთ ონკანი და საჭიროების შემთხვევაში გააღეთ კარი.

ხელთათმანების ტარება საკმარისი არ არის სამედიცინო პერსონალისთვის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. სთხოვეთ თქვენს მომვლელ სამედიცინო პერსონალს ხელების დაბანა. ისაუბრეთ და დასვით კითხვები ხელის ჰიგიენის შესახებ.  დაიბანეთ ხელები და თქვენს გარშემომყოფებსაც იგივე სთხოვეთ.

სამედიცინო პერსონალი საპნით და წყლით ხელების დაბანისას აუცილებლად უნდა იცავდეს სპეციალურ ტექნიკას, რომლის დროსაც ხელებზე ხშირად გამოტოვებული ადგილებიც სუფთავდება.

სპირტხსნარი თუ საპონი და წყალი?

სპირტზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება ხელების გასაწმენდად საუკეთესო მეთოდია მაშინ, როდესაც ხელები არ არის დაბინძურებული, რადგან ის:

  • ხელებზე პოტენციურად სასიკვდილო მიკრობების განადგურებაში უფრო ეფექტურია, ვიდრე საპონი.
  • უფრო ადვილია მისი გამოყენება მოვლის პროცესში, განსაკუთრებით, ერთსა და იმავე პაციენტთან ჭუჭყიანი ადგილიდან სუფთაზე გადასვლისას; პაციენტებს შორის ან საერთო სივრცეებში გადაადგილებისას; იწვევს ნაკლებ გაღიზიანებას და სიმშრალეს, ვიდრე საპონი და წყალი.

ხელების დაბანა საპნით და წყლით აუცილებელია ხელების ხილული ან არახილული დაბიძურებისას ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მექანიკურად მოცილებისთვის. ეს მეთოდი ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი, იაფი და ეფექტური გზაა. თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ სპირტზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს მინიმუმ 60%-იან სპირტს და რაც შეიძლება მალე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. ხელის სპირტხსნარებმა შეიძლება არ მოაშორონ ხელებიდან მავნე ქიმიკატები, როგორიცაა პესტიციდები და მძიმე მეტალები.

დაეხმარეთ პატარებს ხელების დაბანის უნარების განვითარებაში

ხელების დაბანა ხელს შეუწყობს დიარეასთან დაკავშირებული დაავადებების და სასუნთქი გზების ინფექციების, როგორიცაა გაციება ან გრიპი, თავიდან აცილებას. მშობლები და აღმზრდელები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებისთვის ხელების დაბანის სწორი მეთოდის სწავლებაში. ხელების დაბანა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანსაღ ჩვევად იქცეს, თუ მის სწავლებას ადრეული ასაკიდან დაიწყებთ. ასწავლეთ ბავშვებს ხელების დაბანის ხუთი მარტივი ნაბიჯი - დასველება, ქაფის წასმა, გახეხვა, ჩამობანა და გაშრობა - და ხელების დაბანის მნიშვნელოვანი მომენტები, მაგალითად, ტუალეტის შემდეგ ან ჭამის წინ. შეგიძლიათ იპოვოთ გზები, რომ ეს სახალისო გახადოთ, მაგალითად,  ხელების დაბანის საკუთარი სიმღერის შექმნა ან თამაშად გადაქცევა.

ხელების დაბანის უნარების განვითარებას დრო სჭირდება. თავდაპირველად, თქვენს შვილს დასჭირდება რეგულარული შეხსენებები, თუ როგორ და როდის უნდა დაიბანოს ხელები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევახსენოთ ბავშვებს ხელების დაბანა საპირფარეშოთი სარგებლობის, ჭამის წინ, შინაური ცხოველების შეხების შემდეგ, გარეთ თამაშის, ხველის, ცემინების ან ცხვირის მოწმენდის შემდეგ. თუმცა, როგორც კი ხელების დაბანა ჩვევად და თქვენი შვილის დღის რეგულარულ ნაწილად იქცევა, ისინი ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში იმეორებენ. პატარა ბავშვები სწავლობენ უფროსების ქცევის მიბაძვით. როდესაც ხელების დაბანას თქვენი რუტინის ნაწილად აქცევთ, თქვენ მაგალითს აძლევთ თქვენს შვილებს.

ხელის სადეზინფექციო საშუალება არ ცვლის ხელების საპნითა და წყლით დაბანას. თუმცა, ხელის სადეზინფექციო საშუალებების განთავსება სასწავლო და სხვა ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში შესაძლებელია იმ ადგილებში, სადაც საპონი და წყალი ადვილად არ არის ხელმისაწვდომი (მაგალითად, კაფეტერიები, საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზები) და ხშირად შეხებად ზედაპირებთან ახლოს, როგორიცაა კარები და სახელურები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსა და პერსონალს მიეწოდოს ხელების გაშრობის საშუალებები ქაღალდის პირსახოცების ან ხელის საშრობების სახით. მიკრობები უფრო ადვილად ვრცელდება, როდესაც ხელები სველია, ამიტომ ბავშვებისა და პერსონალის ხელების სრულად გაშრობის უზრუნველყოფა მათ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. როდესაც ხელების ჰიგიენის საშუალებები და საშუალებები ხელმისაწვდომია, ბავშვებსა და პერსონალს უკეთ შეუძლიათ ხელების ჰიგიენის დაცვა რუტინის ნაწილად აქციონ.

რესურსები

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი