სეფსისი

ძირითადი მომენტები

სეფსისი ორგანიზმში არსებული ინფექციის ფონზე განვითარებული სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ორგანოების მძიმე დაზიანებით და შესაძლებელია დასრულდეს სიკვდილით.

სეფსისი წარმოადგენს სიკვდილიანობის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს მსოფლიოში. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 50 000 000-მდე სეფსისის და 11 000 000 სეფსისთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევა (1 ყოველ 2,8 წამში), რამაც შეადგინა მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების 20%. ყოველი 1000 ჰოსპიტალიზებულიდან 15-ს უვითარდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული სეფსისი.

სეფსისით დაავადებულთა სიკვდილიანობა უმეტესად უკავშირდება გვიან დიაგნოსტიკას და არასათანადო მკურნალობას, სამედიცინო მომსახურების დაბალ ხარისხს, ჯანდაცვის დაწესებულების არაადექვატურ აღჭურვას, არასაკმარისს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ანტიმიკროობული რეზისტენტობა (აქ ლინკი ანტიმიკრ. რეზისტენტ) ართულებს სეფსისის მკურნალობას თითქმის ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით დღენაკლ და მცირე წონის ახალშობილებში, ინტენსიური თერაპიის პაციენტებსა და რისკ-ჯგუფების სხვა წარმომადგენლებში.

სეფსისის შესახებ

სეფსისი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანს, თუმცა იგი მეტად აზიანებს დღენაკლ და მცირე წონის ახალშობილებს, ორსულებს და მელოგინეებს, ხანშიშესულებს (65 წლის ზევით), ქრონიკული დაავადებების (მაგ., დიაბეტი, ონკოლოგიური და ფილტვის დაავადებები) და დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პირებს.

მსოფლიოში დაფიქსირებული სეფსისის შემთხვევების თითქმის ნახევარი (20 მილიონი) 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. კვლევების მიხედვით, ყოველ 100 000 ცოცხალ დაბადებულზე მოდის 3 930 სეფსისის შემთხვევა. სეფსისი არის ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში სიკვდილის ძირითადი მიზეზი, ვინაიდან ისინი მგრძნობიარენი არიან ჰოსპიტალური ინფექციების მიმართ, განსაკუთრებით ჯანდაცვის შეზღუდული  რესურსების პირობებში.

საავადმყოფოებში ყოველი მე-4, ხოლო რეანიმაციაში ყოველი მე-2 სეფსისის შემთხვევა უკავშირდება ჰოსპიტალურ, იგივე სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციას. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებულ ახალშობილებში სეფსისი იყო 7-ჯერ მეტი, ხოლო სამეანო ინფექციების და აბორტის ფონზე განვითარებული სეფსისი დედათა სიკვდილიანობის გავრცელებულ მიზეზთა შორის მესამე ადგილზეა. მსოფლიოში ყოველ 1000 მშობიარეზე მოდის 11 ქალი  მძიმე სეფსისით ან ლეტალური გამოსავლით. 

რატომ არის სეფსისი ასე საშიში?

სეფსისი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს და ადგილას, შეიძლება განვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი პათოგენური მიკროორგანიზმით (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) გამოწვეული ინფექციის, მცირე ნაკაწრის და მწერის ნაკბენის ფონზეც კი, თუ მისი მკურნალობა დროულად და სწორად არ ჩატარდა. შეუძლებელია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან სეფსისი ვითარდება სწრაფად, ხოლო დიაგნოსტიკის და ეფექტური მკურნალობის დაწყების დრო, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალიან მცირეა.

სეფსისის შემთხვევების 87% საავადმყოფოს გარეთაა შეძენილი, თუმცა ჰოსპიტალური სეფსისი ასოცირებულია აგრესიულ მიმდინარეობასთან, საავადმყოფოში დაყოვნების გახანგრძლივებასთან, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან და მაღალ სიკვდილიანობასთან.

სეფსისის სიმპტომები

სეფსისი ვითარდება უკვე არსებული ინფექციის ფონზე, როდესაც აღნიშნული ინფექცია ხდება მთელს ორგანიზმში ჯაჭვური რეაქციის მაპროვოცირებელი. ინფექციები, რომლებიც რთულდება სეფსისით ყველაზე ხშირად იწყება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ფილტვებში, კანში, შარდგამომყოფ ან ნერვულ სისტემაში.

სეფსისის დროს ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:

  • დაბალი არტერიული წნევა
  • ნოტიო ან წებოვანი კანი
  • ქოშინი
  • გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია ან აგზნება
  • ძლიერი ტკივილი ან დისკომფორტი
  • ცხელება, შემცივნება ან ძლიერი სიცივის შეგრძნება
  • ჰიპოთერმია (მაგ., ახალშობილებში)
  • გახშირებული გულისცემა ან შესუსტებული პულსი
  • გამონაყარი კანზე
  • შარდვის შემცირება
  • ზოგადი სისუსტე, ენერგიის დაქვეითება
  • ბავშვებში ღებინება, კვებაზე უარის თქმა.

დიაგნოსტიკა

სეფსისის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს სიმპტომების და სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე (მაგ., სისხლის კლინიკური ანალიზი, ინფექციის მარკერები, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა, ელექტროლიტები, შარდის ანალიზი, რადიოლოგიური კვლევები), რის შედეგად გამოვლინდება ინფექციის კერა ან ორგანოთა დაზიანება, ან ხდება სეფსისის გამომწვევის იდენტიფიცირება, მაგ., სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევისას. 

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ გახანგრძლივებული ინფექცია ან მდგომარეობა უარესდება, იმოქმედეთ სწრაფად. მიმართეთ ექიმს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაფასოს მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი ზომები, ვინაიდან სეპტიკურმა შოკმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სულ რაღაც 12 საათში.

მკურნალობა

სეფსისის სწრაფი და ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ  რეანიმაციულ განყოფილებაში და მოიცავს:

  • შესაბამისი ანტიმიკრობული და სხვა სამკურნალო საშუალებების დაწყებას
  • ორგანოების სისხლმომარაგების  მხარდაჭერას
  • ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას ინფექციის კერის მოსაცილებლად

რეანიმაციულ განყოფილებაში დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმესა და საჭირო სამედიცინო დახმარებაზე.  ადამიანების დიდი ნაწილი სრულად ინკურნება, თუმცა მათ აქვთ სეფსისის განმეორებით განვითარების მომეტებული რისკი და საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ხანშიშესულ პაციენტთა 40% განმეორებით ხვდება საავადმყოფოში სეფსისის პირველი ეპიზოდიდან სამი თვის განმავლობაში განმეორებითი სეფსისის ან სხვა ინფექციის გამო. მკურნალობის შემთხვევაშიც კი, სეფსისის ყველაზე მძიმე სტადიის - სეპტიური შოკის მქონე ადამიანების 30%-40% კვდება.

როგორ შევამციროთ სეფსისის რისკი?

თქვენ შეგიძლიათ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები სეფსისის რისკის შესამცირებლად:

  • დაიცავით ზოგადი ჰიგიენის წესები, მათ შორის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა და ხელების სისუფთავე
  • შეინარჩუნეთ ნაკაწრებისა, ჭრილობების, ქირურგიული ჩარევის მიდამოს სისუფთავე,  დაიფარეთ ისინი სრულ შეხორცებამდე 
  • ჩაიტარეთ პროფილაქტიკური აცრები დროულად (მაგ., სეზონურ გრიპზე)
  • მუდმივად აკონტროლეთ ქრონიკული დაავადებები (მაგ., დიაბეტის, ფილტვების და ონკოლოგიური დაავადებების) და ჩაიტარეთ მკურნალობა
  • ინფექციის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
  • რესპირატორული დაავადებების გავრცელებისას ატარეთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
  • საცხოვრებელში შეინარჩუნეთ სისუფთავე
  • ნიადაგთან ან ცხოველთა გამონაყოფებთან კონტაქტისას გამოიყენეთ ხელთათმანები.

https://skillio.ge/wp-content/uploads/2026/03/პოსტერი-2-სეფსისის-პრევენცია-1-1.pdf

რესურსები

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი გადმოიწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი